19-03-2025 19:09:38 საზოგადოება ,რეგიონები
გორის ხელოვნების სახლის ცნობით, სასამართლომ 6 მარტს ხელოვნების სახლის შენობიდან გამოსახლების გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მისი წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
"სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 25 დეკემბერს ცალკე სასამართლო დავა დაიწყო სივრციდან ჩვენი გამოსახლების შესახებ! სასამართლო სხდომა 6 მარტს ჩვენ გარეშე ჩატარდა, რადგან როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ოქმიდან ირკვევა, ორი თვის განმავლობაში - ვერც გორის მერიამ, ვერც სასამართლომ და ვერც პოლიციამ "ვერ გვიპოვა", რათა სარჩელის ასლი და სხდომის დეტალები გადმოეცათ. შედეგად, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ჩვენი გამოსახლების შესახებ, რომლის ჩასაბარებლადაც ჩვენი პოვნა აღარ აღმოჩნდა პრობლემა.
ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევა! გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და გელით 2 აპრილს, 15:00 საათზე იმის მოსასმენად, თუ როგორ ვერ იპოვა სასამართლომ ორი თვის მანძილზე ორგანიზაცია, რომელსაც ქალაქში ყველა იცნობს და კიდევ ერთი მიმდინარე დავა აქვს ამავე საკითხზე, სადაც კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა". - წერს ხელოვნების სახლი სოციალურ ქსელში.
მანამდე ხელოვნების სახლი იუწყებოდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე კოლაბორაციული გამოფენის გახსნიდან 5 დღეში გორის მერიისგან უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტაზე წერილი მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მერიას სჭირდება ხელოვნების სახლის სივრცე, რადგან "მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სხვა შესაბამისი ქონება".
14 თებერვალს ხელოვნების სახლმა დაწერა, რომ გორის მერია უარს ამბობს მორიგებაზე, მათ სივრცეს ელექტროენერგია შეუზღუდა, რის მიზანიც მუშაობის შეზღუდვაა.
„მეტად შემაშფოთებელია ეს ფაქტი ვინაიდან ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი ზრუნავდეს საჯარო ინფრასტრუქტურაზე და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებზე, განზრახ აზიანებს დიდი შრომის და ენთუზიაზმის შედეგად შექმნილ ინფრასტრუქტურას, რადგან გათბობის გარეშე შენობა საფრთხის ქვეშაა მომატებული ნესტიანობის გამო. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვაგრძელებთ აქტიურ საქმიანობას ჩვენი ქალაქის, ჩვენი სამშობლოს და ევროპული ღირებულებების დასაცავად! მადლობა ჩვენს თითოეულ გულშემატკივარს და ხელოვნების სახლზე შეყვარებულ ადამიანებს!“, – დაწერა ხელოვნების სახლმა 14 თებერვალს.
2024 წლის 17 ნოემბერს გორის ხელოვნების სახლში საპროტესტო ინსტალაციაა განათავსეს, სადაც კედლებზე გაკეთებულ სხვადასხვა წარწერას შორის იყო - "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!"