
ენმ-ის ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დატოვა
20/03/2025 12:30:18 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ მისმა თანაპარტიელმა ლევან ვარშალომიძემ, რომელიც ყაზახეთში დააკავეს რუსეთის მოთხოვნით, ყაზახეთი დღეს დილით დატოვა და ამჟამად ამსტერდამში იმყოფება.
მან თქვა, რომ ის ყაზახეთში ყაზახური მხარის მიწვევით იმყოფებოდა ქალაქ ატირაუს "განვითარებაში დახმარება და კონსულტაციები რომ გაეწია".
"ამიტომ ის 18 მარტს ქალაქ ატირაუში ჩაფრინდა, 14:20 წუთზე, სადაც მესაზღვრეების მიერ იქნა გაჩერებული. მას განუმარტეს, რომ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, რუსეთის მიერ. გადაიყვანეს ქალაქ ატირაუს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება, გამოკითხვა. ერთადერთი საფუძველი მისი შეჩერებისა იყო, რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება“, - თქვა ბაგრატიონმა.
მისივე თქმით, 19 მარტს უკვე ყაზახეთის მხრიდან იქნა გარკვეული, რომ დაკავების არანაირი არგუმენტები არ არსებობდა.
„იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა განყოფილებიდან. დღეს დილით ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დატოვა. იგი ამსტერდამში იმყოფება. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლევან ვარშალომიძეს”,- აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.