Accentnews.ge
ნიკა გვარამიას ყოფილი პარტნიორის წარმომადგენელი „კანონის წინაშე პასუხისგებით“ ემუქრება

ნიკა გვარამიას ყოფილი პარტნიორის წარმომადგენელი „კანონის წინაშე პასუხისგებით“ ემუქრება

21/03/2025 11:01:47 პოლიტიკა

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი ამავე ტელევიზიის ყოფილ მფლობელს- ოპოზიციონერ პოლიტიკოს ნიკა გვარამიას „კანონის წინაშე პასუხისგებით“ ემუქრება. ასევე ახსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კობა ნაყოფიასაც.

"ტვ პირველის 18 მარტის ეთერში პოლიტიკაში გარეულმა ვაიტელემენეჯერმა და მთავარი არხის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა: "მთავარ არხზე არ არსებობს არანაირი დავალიანება დღეის მომენტში, არანაირი", რადგან ეს თურმე მისი მორალური ვალდებულება ყოფილა. ნიკა გვარამიას განცხადება, რომ მთავარ არხს ახლა აღარ აქვს არანაირი დავალიანება, არის დიდი ტყუილი.

მთავარ არხს დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიების დავალიანებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია. რომ არაფერი ვთქვათ ომეგა ჯგუფისა მილიონობით დავალიანებებზე. მთლიანობაში მთავარი არხის ვალი 25 მლნ-ს აღემატება.

ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ მთავარ არხს, ორი კვირის წინ, კიდევ ერთხელ დააზარალეს მთავარი არხი და მიიტაცეს მთავარი არხის სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია "ნიუ სეილსის" ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა.

სარეკლამო კომპანია "ნიუ სეილსი" ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მოფიქრებული თაღლითური სქემით. "ნიუ სეილსის" ახალი ფიქტიური დამფუძნებელი კობა ნაყოფიას უკრაინელი მძღოლი გახდა. ხოლო ფიქტიური დირექტორი - ნაყოფიასთვის სანდო უკრაინელი მოქალაქე.

ნიუ სეილსში აკუმულირებული მთავარი არხის 4 მლნ-მდე თანხის განკარგვის უფლება კი ამ ფიქტიურმა პირებმა გადასცეს ნიკა გვარამიას თანაპარტიელსა და მეგობარ ვინმე მაკასარაშვილს. ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია წლების განმავლობაში ერთად ძარცვავდნენ მთავარ არხს, იტაცებდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას, შედეგად კი მთავარს არხს მილიონობით დავალიანებებს ადებდნენ.

ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიზანმიმართულად დააზარალეს მთავარი არხი, არხის მაყურებელი, თანამშრომლები, სახელმწიფო ბიუჯეტი და მთავარი არხის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომლის გარეშეც მთავარი არხი ვერ შეიქმნებოდა და არ იარსებებდა.

ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე",- წერია ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენლის, „მთავარი არხის“ თანადირექტორის გიორგი ქურდაძის განცხადებაში.

თავის მხრივ, ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პარტნიორის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებული ბრალდება „ქართულმა ოცნებამ“ მის წინააღმდეგ გამოიყენოს.

„მთავარი არხი“ შექმნილი ფინანსური კრიზის გამო აღარ მაუწყებლობს. 15 თებერვლიდან შეჩერდა ყველა ის პროგრამა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რამდენიმე კვირაში კი მაუწყებლობა შეწყდა.

„ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები“, - ეწერა არხის მიერ 15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

უფრო ადრე, 27 იანვარს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი „გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას“ და ეტაპობრივად ხურავდა არხს.

2024 წლის 25 დეკემბერს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა მოქმედი გენერალური დირექტორის გადაყენებაც მოითხოვა. გიორგი ქურდაძემ წერილს დაურთო გიორგი გაბუნიას მიმოწერა არხის დამფუძნებლებთან, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“. მოთხოვნა რეესტრმა არ დააკმაყოფილა, რადგან კანონით გათვალისწინებული წესის მიხედვით არ იყო წარდგენილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S