აფხაზეთი რუსეთის კოლონიად გადაიქცა: „რუსებმა ფაქტობრივად, გამოგვიცხადეს - ამიერიდან არავითარი დამოუკიდებლობაო“

21-03-2025 17:52:52

ვითარება აფხაზეთში უკიდურესად მძიმეა. ასეთია როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე საექსპერტო წრეების წარმომადგენლების დიდი ნაწილის შეფასება.

და საქმე აქ არა მარტო ცხოვრების დაბალ დონეს ეხება, არამედ რუსულ სანქციებსაც, რომელიც შერჩევითია და არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერებს.

რუსეთის მხრიდან აფხაზეთის შიდა საქმეებში უპრეცედენტო მასშტაბების ჩარევას დიდად აღარავინ მალავს. აფხაზების დიდი მეზობელი ფაქტობრივად, ერთპიროვნულად გვირეგულირებს ჩვენი მოქალაქეების ყოფის ფაქტობრივად ყველა სფეროს, ენერგომომარაგების, სოცუზრუნველყოფისა და არაერთი სხვა რამის ჩათვლით. ამასწინანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ნათელ დემონსტრირებად იქცა იმისა, რამდენად ღრმადაა შემოსული კრემლი ამ კუთხით 2008 წლიდან. და ბევრმა, ვინც აფხაზური სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებას ბედის დიდ საჩუქრად მიიჩნევდა, მხოლოდ 2025 წლის დასაწყისში გააცნობიერა, რომ რუსების ამ „დიდსულოვნების“ უკან წმინდად მერკანტილური ინტერესი იმალებოდა.

ხალხმა გააცნობიერა, რომ რუსეთი მთელი ამ წლების განმავლობაში ისაკუთრებდა აფხაზურ მიწებს, საუკეთესო საკურორტო და ტურისტულ ადგილებს, სხვადასხვა სახელმწიფო სავარძლებში კი გვისვამდა საკუთარ კადრებს მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის ინტერესებში სამუშაოდ.

„ჩვენ სტუმრებად ვიქეცით საკუთარ მიწაზე, უტყვ და უუფლებო მონებად, რაც ძალიან სამწუხაროა“ - აცხადებს ჩვენი თანამოსაუბრე დაურ ბიგვავა.

აფხაზეთი სულ უფრო მეტად იძირება ქაოსში. და ეს ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ყველა სფეროზე ვრცელდება. გასული წლის ბოლოდან რუსი პროპაგანდისტები და მათ კვალდაკვალ ანონიმური რუსული რესურსები აქტიურად ალაპარაკდნენ ჩვენს უუნარობაზე, დავიცვათ საკუთარი საზღვრები, რუსების დახმარების გარეშე თუნდაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გავუწიოთ ჩვენს მოსახლეობას, მომავალ თაობას სათანადო დონის განათლება მივცეთ და გადავამზადოთ სპეციალისტები. ზამთრის ყველაზე ცივ პერიოდში ელექტროენერგიის მოწოდების შეწყვეტა კი რუსეთის მხრიდან ძალის ერთგვარ დემონსტრირებად იქცა. მოსკოვი ნათლად მიგვანიშნებდა: მათთვის, ვისაც რუსების წინაშე მუხლზე დგომა არ სურს, დასასრული ახლოვდებაო.

„12-12 საათი ვისხედით უშუქოდ და რუსეთმა, რომელსაც შეეძლო, დაგვხმარებოდა, არაფერი გააკეთა. ისინი ფაქტობრივად, ღიად გვიცხადებდნენ, „თუ ისე არ მოიქცევით, როგორც ჩვენ გეუბნებით, კიდევ უფრო დაიტანჯებითო“ - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე რუსლანი.

„დაგვაყენეს არჩევანის წინაშე: ან უშუქოდ გავყინულიყავით და საარსებო წყაროების (ხელფასების, პენსიებისა და ა.შ.) გარეშე დავრჩენილიყავით, ან აგვერჩია ის, ვინც მათ სურთ. რუსეთმა ფაქტობრივად, წაგვართვა არა მარტო ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლიდერის არჩევის უფლება, არამედ საკუთარი მომავლისაც. რუსებმა, ფაქტობრივად, გამოგვიცხადეს - ამიერიდან არავითარი დამოუკიდებლობაო“, - თვლის ჩვენი რესპონდენტი რობერტი.

თუ ვინმეს ეჩვენება, რომ რაიმეს ვაზვიადებ და სინამდვილეში, აფხაზური სახელმწიფოს ყოფა შორსაა ზემოთ აღწერილისაგან, მაშინ არაფერი იცის დღევანდელ აფხაზეთზე.

და ის ფაქტი, რომ რუსების ყველა მანიპულაციის შემდეგ აფხაზური ოპოზიცია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დუმილს ინარჩუნებენ, ძალზე მკაფიო ილუსტრაციაა იმისა, რამდენად ცუდადაა საქმე სადღეისოდ ჩვენს რესპუბლიკაში. თანაც არა მარტი მოქალაქეთა უფლებების კუთხით. ყველაფერი გაცილებით უფრო კრიტიკულადაა.

რუსეთის ხელისუფლება ღიად ალაპარაკდა აფხაზებზე, როგორც ტერორისტებზე, ნაციონალისტებსა და უცხოეთის გავლენის აგენტებზე. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ღიად აფიქსირებს პოზიციას აფხაზეთის სახელმწიფო საკითხებზე, ავტომატურად იქცევა დევნის ობიექტად როგორც თავად აფხაზეთში, ისე რუსეთში - განურჩევლად იმისა, გააჩნია თუ არა მას რუსეთის მოქალაქეობა. ასეთები ექვემდებარებიან სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმებს, დაკავებასა და კოლოსალურ ზეწოლას როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

თუ დეტალებზე ვისაუბრებთ, პირველი, რაც უნდა გავიხსენოთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის მიმდინარეობისას ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე აყირავებული საარჩევნო ურნა. 1 მარტს უცნობ პირთა შეიარაღებული ჯგუფი საარჩევნო უბანზე შეიჭრა და მოისროლა ურნა, რითაც არა მარტო ხმის მისაცემად მისული რიგითი მოქალაქეები, არამედ კომისიის წევრებიც შეაშინა. მოგვიანებით საგზაო პოლიციის ერთ-ერთ საგუშაგოზე დააკავეს აფხაზეთის მოქალაქეები, რომელთაც ტერორიზმში დასდეს ბრალი. ამასთან, დაკავება ადგილობრივი სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის უჩვეულო მეთოდით - პირდაპირი ცეცხლის გახსნით ხორციელდებოდა. და როგორც ირკვევა, მასში რუსი სამხედროები იყვნენ ჩართულები. ამასთან, მომხდარის დეტალებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები იძიებენ, რაც პირდაპირაა აკრძალული არა მარტო აფხაზური კანონმდებლობით, არამედ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებითაც.

მთლიანობაში ვითარება, როგორც არაერთგზის მიწინასწარმეტყველია, კარდინალურად შეიცვალა. ახლა აფხაზური ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ მოსკოვთან შეთანხმების შემდეგ იღებს - მისი თანხმობის გარეშე აღარაფერი კეთდება. ფაქტობრივად, აფხაზეთი წამში გადაიქცა რუსეთის არათუ ნაწილად, არამედ კოლონიად - უუფლებოდ და უხმოდ. რუსები კი ამ დროს მსოფლიოს დასანახად აგრძელებენ იმ სურათის შექმნას, თითქოს აფხაზეთი თავისუფალია და დამოუკიდებელი.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები