აფხაზი ჟურნალისტი: „აფხაზეთი რუსეთი არ არის!“

22-03-2025 16:14:47 კონფლიქტები

აფხაზი ჟურნალისტი, ინტერნეტ-გამოცემა "აიაშარას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიზფა არშბა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ „უცხოეთის აგენტების“ სიაში მის შეყვანას ეხმიანება და აცხადებს, რომ "აფხაზეთი რუსეთი არ არის".

„მე არ ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და არც არასოდეს ვყოფილვარ. არც აფხაზეთია რუსეთი!”, - განაცხადა არშბამ.

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, "ეხო კავკაზას" რედაქცია წერს, ინფორმაცია „უცხოეთის აგენტად“ აღიარებული პირების მოქალაქეობის შესახებ ყოველთვის არ არის ხოლმე მითითებული ოფიციალურ რეესტრში. მაგალითისთვის, 2023 წლის აპრილში ეს სტატუსი მიიღო გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა და რუსეთის მოქალაქეობა არ გააჩნია.

21 მარტს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაახლა "უცხოელი აგენტების რეესტრი", რომელშიც ამჯერად კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი - სააგენტო „აიაშარას“ ხელმძღვანელი ნიზფა არშბა და „ნუჟნაია გაზეტას“ დამფუძნებელი იზიდა ჭანია შეიყვანა.

მანამდე "უცხოეთის აგენტის" სტატუსი ასევე მიენიჭა აფხაზური გამოცემა „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორ ინალ ხაშიგს. და ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის "მოქალაქე" რუსეთმა "უცხო ქვეყნის აგენტად" აღიარა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აფხაზი ადვოკატი საიდ გეზერდავაც:

„რატომ აცხადებენ აგენტებად მეზობელ ქვეყანაში აფხაზ ჟურნალისტებს, რომლებიც აფხაზეთის ხელისუფლებისა და მისი წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის შესახებ წერენ? ძნელი დასაჯერებელია, რომ მათი აგენტებად გამოცხადება ვინმეს სჭირდება აფხაზეთის ფარგლებს გარეთ. ასეთი გარე ადმინისტრაციული ზეწოლა იქნა გამოყენებული არჩევნების დროს. აფხაზეთის თანამედროვე ისტორიაში არც ერთი პრეზიდენტი არ არჩეულა ამ მასშტაბის საგარეო ზეწოლის პირობებში. რეპრესიების აუთსორსინგით გადაცემა ამაზრზენი ცინიკური ქმედებაა, დუმილი და ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერა კი ერთმნიშვნელოვნად აღიქმება მის მოწონებად და არალოიალობად საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის სუვერენიტეტისა და თავისუფლებების სრული დაკარგვისთვის“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები