24-03-2025 13:49:12 პოლიტიკა
"ქართული ოცნების“ კოლეგიის მიერ საქართველოს მე–6 პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი უარს აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს „აგენტების კანონი“. შესაბამის ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრეს–სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით 15 ივლისს მიმართა.
"სარჩელი ეხება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“, - განაცხადა 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილის იმჟამინდელმა საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
„კონსტიტუციის 78-ე მუხლი არის ხელისუფლების მბოჭავი კონსტიტუციური ნორმა ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზების თვალსაზრისით“ და „ამგვარი ჰარმონიზების გარეშე ვერ იქნება მიღწეული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“, - წერია პრეზიდენტის სარჩელში. მასში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნახსენებ კონსტიტუციურ ორგანოებს შორის საკონსტიტუციო სასამართლოც არის და „სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ინსტიტუტის ფუნქციაში შედის არაკონსტიტუციურად ცნოს ყველა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს და საფრთხეს უქმნის და ხელს უშლის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.