თეა წულუკიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის საქმე გადაეგზავნოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის

25-03-2025 13:17:34 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის "საქმე გადაეგზავნოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის".

როგორც წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა.

"დღეს ახსნა - განმარტების მოსაცემად დაბარებული გვყავდა მამუკა ხაზარაძე. სამდივნომ რამდენიმე დღის წინ დაამყარა მასთან სატელეფონო კონტაქტი. აუხსნა, რომ იგი მოწვეული იყო კომისიის ამ სხდომაზე შპს „მაგნატის" საქმესთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძემ გაიკვირვა და სამდივნოს ჰკითხა, რა კავშირი ჰქონდა შპს „მაგნატის“ საქმესთან. ამის შემდეგ სამდივნომ მამუკა ხაზარაძეს ტელეფონის მეშვეობით შეატყობინა იმის შესახებ, რომ დღეს მოწვეული იყო 11:00 საათზე სხდომაზე. მან რამდენიმე წუთის, მაშინ, როცა ჯემალ ლეონიძე საუბრობდა, გამოაქვეყნა „ფეისბუქპოსტი", სადაც იგი ამბობს, რომ თურმე ეს კომისია ყოფილა ცირკი და იგი ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. დასანანია, რომ მამუკა ხაზარაძე იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც ჯემალ ლეონიძე გვიამბობდა, ამ ყოველივეს სიტყვიერად შეურაცხყოფს და უწოდებს ცირკს და რომ იგი მოსვლას არ აპირებს. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, მან უკვე „ფეისბუქპოსტიდან" გამომდინარე არ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანი, აპირებდა მოსვლას თუ არ აპირებდა. კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. აქ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებულები. არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლი. ამ მუხლში წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის ერთ წლამდე პატიმრობაც, მხოლოდ იმისთვის, რომ უარს იტყვი გამოცხადებაზე, დოკუმენტის წარმოდგენაზე. გადაწყვეტილება მიღებულია - ჩვენი, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის და ცალსახად უარის თქმის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, დღესვე შპს „მაგნატის“ საქმეზე დაბარებულია მამუკა ხაზარაძის თანაპარტიელი ბადრი ჯაფარიძეც. ორივე მათგანი „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს „თიბისი ბანკის“ მეწილეებთან ერთად, ხელმძღვანელი პირებიც იყვნენ.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, ჯაფარიძემ უარი თქვა მათგან გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარებაზე. მისი თქმით, პოლიტიკოსს დროს აძლევენ კომისიის სხდომაზე გამოსაცხადებლად:

„იგი კვლავ არის მოწვეული კომისიის სხდომაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, იგი გამოცხადდება დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს“.

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ "პოსტში" ცირკს უწოდებს ამ საგამოძიებო კომისიას:

„მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ!.. აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ“.

ცნობისთვის: დღეს, 25 მარტს საგამოძიებო კომისიაში განიხილავდნენ შპს „მაგნატის“ საქმეს და ესაუბრებოდნენ ამ კომპანიის მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს. იგი წინა ხელისუფლების დროს ავტოგასამართი სადგურების ქსელ „მაგნატს“ ფლობდა. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დააპატიმებას ედავება. მისი თქმით, ამ საქმეში ჩართული იყო მამუკა ხაზარაძეც.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნის თაობაზე 2025 წლის 9 იანვარს განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები