
ჯაფარიძე: ცილისმწამებლურ შოუში მონაწილეობას არ ვაპირებ!
25/03/2025 12:26:58 პოლიტიკა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში. კომისიამ შპს "მაგნატის" საქმის განსახილველად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში დაიბარა, თუმცა არც ერთი მათგანი კომისიაზე არ გამოცხადდა.
"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების პარტაქტივი, რომელიც თავის თავს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უწოდებს, მიბარებს რაღაც ჩემთან სრულიად აბსურდულად და ხელოვნურად დაკავშირებული თემის ირგვლივ გამოძიებაზე.
მსურს ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო - მე არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად!
მიმაჩნია, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს.
ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ ვაპირებ!
მე სადეპუტატო მანდატი სწორედ იმის გამო დავტოვე, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი. ეს არის გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ფორმირებული, ქმედუუნარო, ერთპარტიული დაჯგუფება.
ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაც არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის ასევე არის ერთპარტიული. კანონი კი, სრულიად სხვა პროცედურებსა და შემადგენლობას მოიცავს.
ამიტომ, მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში, ჩემი გაშავება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იზეიმოს კანონის უზენაესობამ და ქვეყანას ჰყავდეს კანონიერი, თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი, რომელიც სწორედ კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით შექმნის საგამოძიებო კომისიას და გამოიკვლევს ყველა იმ სამართალდარღვევას, რომელიც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში მომხდარა." - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა.
25 მარტს კომისიაზე მისვლაზე უარის თქმის გამო, კომისიამ კენჭისყრის საშუალებით გადაწყვიტა, რომ მამუკა ხაზარაძის საქმე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას გადასცეს.