სოხუმი თბილისით უკმაყოფილოა და ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებებს შეახსენებს

25-03-2025 20:53:24 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება უკმაყოფილოა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით ქართული მხარის განზრახვის შესახებ, სოხუმის ახლადგახსნილი აეროპორტის მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების რეგულარული ფრენების აკრძალვას მიაღწიოს. როგორც სოხუმში აცხადებენ, ისინი "იმედგაცრუებულები არიან", რადგან თბილისისგან "სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის აღიარების საფუძველზე პრაგმატული ურთიერთქმედების დაწყებას ელოდნენ".

ამ კონტექსტში აფხაზური "საგარეო უწყება" თბილისს მმართველი "ქართული ოცნების" ლიდერშიფის წინასაარჩევნო განცხადებებს შეახსენებს "სოხუმსა და ცხინვალთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობისა" და იმის თაობაზე, რომ "საქართველომ ოსურ მხარეს ბოდიში უნდა მოუხადოს 2008 წლის მოვლენების გამო და მაშინდელი მმართველი გუნდი დასაჯოს".

"ამის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება დღეს აკეთებს შაბლონურ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ და რეალობისგან მოწყვეტილ განცხადებებს, რომელიც დამატებით დაძაბულობას ქმნის. საქართველოს ხელმძღვანელობის ეს მორიგი გამოხტომა წარმოადგენს მცდელობას, ხელი შეეშალოს პროცესებს, რომელსაც შეუქცევადი ხასიათი აქვს. მსგავსი მიდგომები არა მარტო ხელს არ უწყობს განგრძობადი კრიზისის მოგვარებას, არამედ ძირს უთხრის თავად დიალოგის შესაძლებლობასაც და მხარეებს შორის უნდობლობას მხოლოდ აღვივებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე, ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი, რომელიც 1992-93 და 2008 წლების კონფლიქტების შემდეგ ფორმირებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობას დაემყარება" - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის: 14 მარტს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ეცდება, მიაღწიოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IСAO) აკრძალვას რუსული ავიაკომპანიების სოხუმში რეგულარულ ფრენებზე, რადგან სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაცია უკანონოა და უცხოური ავიაკომპანია, რომელიც აფხაზეთის მიმართულებით რეისს შეასრულებს, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის ფუძემდებლურ პრინციპებს არღვევს. ამასთან, სააგენტო ირწმუნება, რომ საქართველოს "ICAO-ს უპირობო მხარდაჭერა აქვს".

ცნობისთვის: ოკუპანტი რუსეთის მიერ აღგენილმა სოხუმის აეროპორტმა მოსკოვიდან პირველი სატესტო რეისი მიმდინარე წლის 7 თებერვალს მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები