გაბაშვილი: "კომისიიდან" დამირეკეს, რა თქმა უნდა, მისვლას არ ვაპირებ

26-03-2025 00:16:11 პოლიტიკა

ყოფილი დეპუტატი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა სადავო პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა, თუმცა გამოცხადებას არ აპირებს.

"წულუკიანის "კომისიიდან" ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29-ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.

ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 იგულისხმება, როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა მაშინ დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად.

ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და "კომისია" მოაწყვეს.

რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა",- წერს გოკა გაბაშვილი სოციალურ ქსელში.

25 მარტს დაბარებულები იყვნენ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ კომისიაზე მისვლაზე უარი თქვეს.

როგორც თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში დგება "საკმაოდ მკაცრი სასჯელი", რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები