26-03-2025 16:32:09 კონფლიქტები ,საზოგადოება
გამოცემა "მოზაიკას" ინფორმაციით, დღეს ოკუპანტების მიერ გატაცებული ერთ-ერთი მოქალაქე ლაშა ხეთერელია. ხეთერელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბოლო რამდენიმე წელში, უკვე მეათედ დააკავეს.
ის უკანონო პატიმრობიდან გასული წლის 13 სექტემბერს გათავისუფლდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ერგნეთისა და სვირის მიმდებარე ტერიტორიებიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.
"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად",- ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.