ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი "ოცნებას" მოუწოდებს, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი წინასწარი პატიმრობიდან

26-03-2025 16:36:38 პოლიტიკა ,საზოგადოება

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს შესახებ შემუშავებულ მემორანდუმში "გაუმართლებელს" უწოდებს მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობას და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ანგარიშში 26 მარტს გამოქვეყნდა და მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში. მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან პატიმრობაშია. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაიცვას მისი სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებები", - წერს კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი ანგარიშში.

ევროსაბჭოს კომისარი ამაღლობელის წინასწარ პატიმრობას "გაუმართლებელს" უწოდებს. ამასთან, ის შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მოხსნის გამო მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სოლიდარობა გამოხატა მზია ამაღლობელის მიმართ.

ო'ფლაჰერტი აკრიტიკებს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ კანონსაც, რომელიც ადგილობრივ მედიას შეუზღუდავს უცხოური დაფინანსების მიღებას.

"კომისარი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები არა მხოლოდ სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, არამედ სხვადასხვა სახის მზარდი რეპრესიების ქვეშ არიან", - ვკითხულობთ მემორანდუმში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები