26-03-2025 20:02:22 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად პროკურატურას მიმართავს. საკითხს სხდომაზე 26 მარტს უყარეს კენჭი. მიზეზად დასახელდა პოლიტიკოსის გამოუცხადებლობა სხდომაზე.
სხდომაზე არ გამოცხადდა მამუკა ხაზარაძეც, რის გამოც მის წინააღმდეგაც პროკურატურისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღეს, პროკურატურამ კი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
საგამოძიებო კომისია 25 მარტს შპს „მაგნატის“ საქმეს განიხილავდა. სხდომაზე მიიწვიეს კომპანიის მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე. ის წინა ხელისუფლების დროს ავტოგასამართი სადგურების ქსელ „მაგნატს“ ფლობდა. ჯემალ ლეონიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დაპატიმრებას ედავება. მისი თქმით, ამ საქმეში ჩართული იყო მამუკა ხაზარაძეც. ხაზარაძეც და ჯაფარიძეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს „თიბისი ბანკის“ მეწილეები და ხელმძღვანელები იყვნენ.