27-03-2025 23:34:27 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტში დააინიციირეს კანონპროექტი, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ „მემკვიდრე პარტიებს“ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს. მისი თქმით, კანონპროექტის ხილვა პარლამენტის ვებსაიტზე ხვალ, 28 მარტს იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ უკვე დავაინიციირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი და გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება“, - თქვა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების, რომლებსაც ის კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს, არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ მათ მიერვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე:
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერც ერთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს - როგორც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა“.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია შექმნის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებს:
„ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლოც, დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა!“
ბრიფინგზე მან ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში მათ მიერვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატს აფართოებს - მათი საქმიანობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის (2003-2012 წელი) პერიოდით.