
მზია ამაღლობელის საქმიდან ამორიცხული მტკიცებულებების ნაწილი ქუთაისის სააპელაციომ დასაშვებად ცნო
27/03/2025 20:00:18 პოლიტიკა, საზოგადოება
„ბათუმელების” ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო იმ მტკიცებულებების ნაწილი, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამორიცხა. საქმე ეხება სხვადასხვა სახის მტკიცებულებას, კერძოდ: ვიდეოჩანაწერებს; რამდენიმე წერილობით დოკუმენტს, ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმს.
სააპელაციო სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად ცნო ინტერნეტში ხელმისაწვდომი ვიდეოები, რომლებიც დეტალურად ასახავს მზია ამაღლობელის დაკავებამდე, დაკავების პროცესს და შემდგომ მოვლენებს.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ამ და სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა და ეს საქმესთან შეუსაბამობის საბაბით ახსნა. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მან თქვა, რომ კომპიუტერულ მოწყობილობაში არსებული ინფორმაციის მოპოვებას, თუნდა ის საჯაროდ იყოს გავრცელებული, მოსამართლის განჩინება სჭირდება, მზია ამაღლობელის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი განჩინების გარეშე იყო წარმოდგენილი.
მისი განცხადებით, რადგან ადვოკატებმა აღნიშნული ვიდეოები დათვალიერების ოქმის საფუძველზე დაამაგრეს საქმეს, ისინი უკანონოა.
მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობაზე ვიქტორ მეტრეველის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა შეცვალა. მანამდე მალხაზ ოქროპირაშვილმა მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელი, შეეცვალათ ჟურნალისტის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, დაუშვებლად ცნო.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 31 მარტს, 13:00 საათზე არის დანიშნული.