"ოცნებაში" ამბობენ, რომ "საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლა გახარიასაც მოუწევს"

28-03-2025 16:00:47 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს გიორგი გახარიასაც მოუწევს.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ გიორგი გახარიამ რამდენიმე თვის წინ „ტვ პირველის“ ეთერში „არასახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა”.

კერძოდ, მაჭავარიანის თქმით, გახარია ამბობდა, რომ პროტესტის „პირველი ფაზა იყო, 20 იანვრამდე რევოლუციით ჩაენაცვლებინა „ქართული ოცნება“ და თუ ეს არ გამოუვიდოდათ, შემდეგი ფაზა იქნებოდა თამაშში ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციის შემოყვანა“.

გარდა ამისა, მაჭავარიანის თქმით, „გახარიას პარტიას 4 მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან” და ასკვნის, "მეტი პარტნიორობა რა უნდა იყოს?”

„მოუწევს ბატონ გახარიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ოთხივე პარტიამ ბრიუსელში გააგზავნა წერილი, სადაც ბრიუსელის ბიუროკრატებს ეხვეწებოდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეეჩერებინათ საქართველოსთან, ასევე ყველანაირი დახმარება ენჯეო სექტორთან გადაემისამართებინათ, გაეუქმებინათ ვიზიტები, არანაირი შეხვედრები არ ყოფილიყო, ასე ღიად ითხოვენ საქართველოს ანქცირებას და არ ვიცი, ახსნან ეს ყველაფერი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამას ობიექტურ ახსნას მოუძებნიან“. – თქვა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება, ახლა კი „4 რადიკალური პარტიაა, რომლიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს“.

გუშინ, 27 მარტს „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გაავრცელებენ, რათა მისი „საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით“.

მისივე განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა „ქართულ ოცნებას” მისცემს „მყარ საფუძველს”, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ როგორც ენმ-ის, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რომელთაც ისინი "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" უწოდებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები