28-03-2025 16:14:57 ,
სოხუმის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც 2020 წელს აფხაზური დროშის დაწვისთვის დააკავეს, საპატიმროს 30 მარტს დატოვებს. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა.
ამასთან, მან ბებუას დროზე ადრე გათავისუფლების შესახებ შეფასებები უარყო და განმარტა:
"როგორც ცნობილია, ბებუა დაკავებულ იქნა 2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დაწვის აქტის განხორციელების ფაქტზე, რის გამოც მას 9-წლიანი საპატიმრო ვადა მიესაჯა, თუმცა ჯამში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბებუას ციხეში ამ ვადიდან 4 წელი და 6 თვე უნდა გაეტარინებინა და შესაბამისად, 30 მარტს ეს საპატიმრო ვადა ეწურება. ამდენად, ვალდებულები ვართ, გავათავისუფლოთ, თორემ მის დროზე ადრე გათავისუფლება აზრადაც არავის მოსვლია".
ცნობისთვის: ვინაიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კოლონიები არ აქვთ და არსებობს მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორები, აფხაზური კანონმდებლობით, საერთო რეჟიმის პირობებში საპატიმრო ვადა ითვლება პრინციპით "ერთი ორთან".
რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის გალის დე-ფაქტო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საპატიმრო ვადის გარდა, ბებუას 10 000 რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმასაც აკისრებდა.
თბილისში არაერთხელ გაიმართა აქციები ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით. მათი მონაწილეები საქართველოს მმართველ ძალას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.
ბებუას გათავისუფლების საკითხი რამდენჯერმე დადგა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგშიც, თუმცა ამაოდ.
ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ იუწყებოდნენ.