ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

29-03-2025 17:10:42 პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან „ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი”.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა პან გონგშენგმა.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ ფინანსურ გარემოში საერთო გამოწვევების გადასაჭრელად, სისტემური რისკების შესამცირებლად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და ბიზნეს ურთიერთობის ხელშეწყობას, ასევე ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია თურნავას განცხადებით, გეგმავენ, რომ უფრო მიმზიდველი გახადონ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის.

„ჩვენი ერთობლივი ამოცანაა უფრო ეფექტური გავხადოთ და დავაახლოოთ ორი ქვეყნის საბანკო სექტორი. ვგეგმავთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და ჩინური საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩინურმა მხარემ ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოხატა“, – თქვა თურნავამ.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.

„ამასთან, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სებ-ი და ჩინეთის ცენტრალური ბანკი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის საბანკო სერვისების განვითარებას. მანდატის ფარგლებში კი ითანამშრომლებენ საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებულობის გაზრდას სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზაქციების ხელშეწყობის მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები