29-03-2025 18:50:32 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მასზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში კი ნების საწინააღმდეგოდ სრულად გააშიშვლეს.
ხოშტარიას საპასუხოდ შსს ამტკიცებს, რომ ის „იქცეოდა აგრესიულად”, კანონიერი პროცედურების გავლისას დაარღვია შინაგანაწესი და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები”. ასევე აცხადებს, რომ პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე.
უწყების ცნობით, შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
„მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა.
დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 – ით რეგულირდება.
პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.
აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს.
ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატი თეო ზაქარაშვილი ამბობს, რომ შსს-ს განცხადება საპასუხოდ მოჰყვა ელენე ხოშტარიას მხრიდან სისტემური ძალადობის მხილებას.
მისი თქმით, არ ფლობს ინფორმაციას „კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებაზე“ და ადასტურებს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ხოშტარიას განცხადებას.
თეო ზაქარაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსის სასამართლო, სავარაუდოდ, ამ წუთებში უნდა დაიწყოს, თუმცა ელენე ხოშტარიამ დასწრებაზე უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, საქალაქო სასამართლოში მივლენ და გაარკვევენ, რა ეტაპზეა პროცესი.
იზოლატორში იმყოფებოდა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. მისი თქმით, სამმართველოში მიყვანის შემდეგ ქალი პოლიტიკოსი სრულიად გააშიშვლეს, არ აძლევდნენ საჭირო მედიკამენტებს, მას შემდეგ კი რაც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ჰქონდა ღებინება, პოლიციელებმა ის საპირფარეშოშიც კი არ გაიყვანეს. გვარამია ელენე ხოშტარიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაკავებულს უთხრეს, რომ ერთჯერად პარკს მოუტანდნენ და მხოლოდ ასე შეეძლოთ დახმარება.
"ელენე ბოლომდე გააშიშვლეს, უკან შეუკრეს ხელები, დააწვინეს საწოლზე და შეშველ სხეულზე მეტალოდეტექტორს უტარებდნენ"- ამბობს გვარამია.