
ფარცხალაძე მოსკოვში "გამარჯვების აღლუმზე" მიიწვიეს
31/03/2025 09:51:16 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ის მიერ რუსულ ФСБ-სთან თანამშრომლობაში ოფიციალურად მხილებული და დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძე ოჯახთან ერთად 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ტრადიციულ "გამარჯვების აღლუმზეა" მიწვეული. ამის შესახებ ტელეკომპანია "Pirveli"-ს რუსეთში მცხოვრები, კრემლთან დაახლოებული ქართველების მიერ შექმნილი პრორუსული პარტიის - "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ფიფიამ აცნობა.
"დიახ, იგი [ფარცხალაძე - რედ.] მიიწვიეს. პარალელურად გასამართი გვაქვს ღონისძიება თბილისში, ამიტომ არ ვიცით, რა მოვიმოქმედოთ – წავიდეთ თბილისში და გავმართოთ ღონისძიება, თუ ვიყოთ მოსკოვში 9 მაისს. ამას ეხლა ვარკვევთ. აღლუმზე მიწვეულია ბატონი ოთარ ფარცხალაძე, ფარცხალაძე-რომანოვი ოჯახთან ერთად. რა თქმა უნდა, იგი უნდა დაესწროს" - განაცხადა მამუკა ფიფიამ.
რაც შეეხება აღლუმზე "ოცნების" მიერ საქართველოს პრეზიდენტად ხელდასმული, სადავო ლეგიტიმაციის მქონე მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო დასწრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მოსკოვში ამ საკითხზე კომენტარისგან ჯერ თავს იკავებენ. როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს გამოცემა SOVA-ს განუცხადა, ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.
ცნობისთვის: აშშ-მა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციები 2023 წლის 14 სექტემბერს დააწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, "ოცნების" ხელისუფლების ყოფილი გენერალური პროკურორი (2013 წლის 7 ნოემბერი - 30 დეკემბერი) რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტია და დავალებული ჰქონდა, საქართველოში რუსეთის ინტერესებში ემუშავა. 17 ოქტომბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. თავად "ოცნების" ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდია, არც არაფერი გამოუძიებია და ფარცხალაძეს ოჯახთან ერთად როგორც ქვეყნიდან დაუბრკოლებლად გასვლის შესაძლებლობა მისცა, ისე შემდგომში არაერთგზის უპრობლემოდ შემოსვლის.