
ზურაბიშვილი: დღეს კოორდინაცია შედგა, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა
01/04/2025 11:27:59 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიებთან ერთად ევროსაბჭოს სესიისთვის მოემზადება, სადაც საქართველოზე კრიტიკული რეზოლუციის მიღებაა მოსალოდნელი.
ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ კოორდინაცია, რომლის შესახებაც 31 მარტს აქციაზე გამოაცხადა, შედგა.
"გადავწყვიტეთ, ერთობლივად, რომ მოვამზადოთ - ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც იქნება მიღებული საქართველოზე ალბათ ძალიან მკაცრი რეზოლუცია, სადაც სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი პირველ პლანზე, ასევე ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებულია ამ დღეებში და რომელიც ცდილობს, რომ ერთის მხრივ FARA-თი მთელი სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს გზები იქნეს მონახული. ჩვენ არავითარ შემთხვევაში, არ ჩავთვალოთ, რომ იმიტომ რომ ხელისუფლება ყოველდღიურად იღებს ახალ რეპრესიულ კანონებს, ეს იმის ნიშანია, რომ რამენაირად თვითონ ძლიერდება. არა ძლიერდება პირიქით პროტესტი, იმიტომ რომ უფრო მეტი ხალხი ხვდება იმას, თუ რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის. და უფრო მეტი ადამიანი უერთებდა იმ ჩვენს გზავნილს და გზას, რომელიც გუშინ გამოვაცხადე და ასახავს აქ შემოსული პარტიების ერთიან პოზიციას, რომ ჩვენ მივდივარ არჩვენების გზაზე, მშვიდობიან გზაზე და ჩვენ მივაღწევთ არჩევნებსაც და პოლიტ.პატიმრების გათავისუფლებასაც". - თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ესაა პარტიების შეჯერებული პოზიციები, რაც არ გამორიცხავს პარტიების მხრიდან შემდეგ თავიანთი ხედვების წარდგენას.
"დღეს კოორდინაცია შედგა. ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს". - თქვა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა "ძლიერი საქართველოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენას. მისი თქმით, პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის და პოლიტიკურ სპექტრზე შეტევა, ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება იქნება.
31 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა იქმნება.