
„ოცნებამ“ მესამე მოსმენით მიიღო, მათ შორის, FARA და მედიის შემზღუდავი კანონი
01/04/2025 10:44:54 პოლიტიკა
სადავო პარლამენტმა დღეს, 1 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი და კიდევ რამდენიმე კანონი. ნაწილი მათგანი "ოცნების" მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერისთანავე ამოქმედდება, ნაწილი - 60 დღის შემდეგ.
1 აპრილს კენჭისყრაზე მიიღეს:
- „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, - FARA-ს "ქართული ოცნებისეული" ვერსია, რომელიც მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას.
- ცვლილებები მაუწყებლობის კანონში, - რითაც სრულად იკრძალება მაუწყებლების უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მათ შორის წყაროებთან დაკავშირებით, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები;
- ამასთან, კანონი ეხება მაუწყებლების ონლაინ პლატფორმებსაც.
- ქრება სიტყვა „გენდერი“ 15 მოქმედი კანონიდან; „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და კაცის თანასწორობით“; კანონმდებლობიდან ქრება ცნება „გენდერული იდენტობაც“.
- უქმდება კანონშემოქმედებით პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ვალდებულება - მესამე სექტორის ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს შორის.
- სისხლის სამართლის კოდექსში დააბრუნა „სამშობლოს ღალატის“ მუხლი, რომელიც 2007 წელს გაუქმდა, - თუმცა ყველაფერი, რასაც ეს მუხლი ითვალისწინებდა, კვლავინდებურად დასჯადია. 2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი განსაზღვრავდა „სახელმწიფოს ღალატს“. ახლა ამ მუხლს „სამშობლოს ღალატი“ ერქმევა.
მესამე მოსმენის შემდეგ პარლამენტი კანონპროექტებს ხელმოსაწერად უგზავნის „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს. ყაველაშვილის მიერ ხელმოწერის შემდეგ, "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება აქედან ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში; „გენდერული თანასწორობის“ შესახებ კანონში ცვლილებები, რომლებითაც ეს ტერმინი ქრება; არასამთავრობოების ჩართულობის საკითხი. რაც შეეხება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, - ეს კანონი ძალაში შედის მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერიდან მე-60 დღეს.