Accentnews.ge
ეკონომიკის სამინისტრო აშშ–ის ელჩისა და ლევან დავითაშვილის შეხვედრის შესახებ იუწყება

ეკონომიკის სამინისტრო აშშ–ის ელჩისა და ლევან დავითაშვილის შეხვედრის შესახებ იუწყება

01/04/2025 16:00:23 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და საქართველოში აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართა, – იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.

"ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და აშშ-ის საელჩოს ეკონომიკურ საკითხთა სექციის ხელმძღვანელის მოადგილე, დაიანა კოსტა ესწრებოდნენ.

ელჩთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული ეკონომიკური პრიორიტეტები და თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, შუა დერეფნის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისა და თანამშრომლობის წახალისების შესახებ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს სან ფრანცისკოში დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომლის მიზანი იქნება ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაციის და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ ინვესტორთა ქსელების დაინტერესება. როგორც რობინ დანიგანმა განაცხადა, აშშ-ის საელჩო აქტიურად დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად განხორციელდება.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო მისიების ხელშეწყობის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის განხორციელდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ უახლოეს თვეებში აღნიშნული მისიების ფარგლებში ქართული კომპანიები ამერიკას, ხოლო ამერიკული კომპანიები საქართველოს ეწვევიან. სავაჭრო მისიებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და აშშ-ის საელჩო საქართველოში ხელს აქტიურად შეუწყობენ", – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: აშშ-ის ელჩი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსაც შეხვდა.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არსებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. "ოცნების" პარლამენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.

„ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღიდან საქართველოში იმართება აქციები. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S