Accentnews.ge
ხოშტარია: პროპაგანდისტები მომიქსიეს, ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროებას რატომ არ ითხოვო

ხოშტარია: პროპაგანდისტები მომიქსიეს, ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროებას რატომ არ ითხოვო

01/04/2025 20:29:06 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, რომლის თქმითაც, 29 მარტს, დაკავებისას, დამამცირებელი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ ახლა „ქართული ოცნების“ „პროპაგანდისტული არხების“ წარმომადგენლები ეკითხებიან, რატომ არ ითხოვს კადრების გასაჯაროებას.

„პოლიციაში ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ აკმარეს ქოცებმა. ეხლა მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, კუდში დამსდევენ და რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროვებასო“, - წერს ხოშტარია და "ოცნებას" მიმართავს: „ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი და ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროვება. ანუ ის არ მეყო, ეხლა კიდე უნდა სამყაროს ვაყურებინო. ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ“.

პოლიტიკოსმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა იზოლატორში შესახლების დეტალებზე. კერძოდ, თქვა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მას გაშიშვლება აიძულეს, ხელები უკან შეუკრეს და მეტალოდეტექტორით შეამოწმეს.

უფლებადამცველების შეფასებით, „იძულებითი გაშიშვლების“ პრაქტიკა არის სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს.

„შსს-მ საკუთარ განცხადებაში ფაქტობრივად დაადასტურა ფაქტი და მეტიც, აქეთ გადაწყვიტა ჩირქის მოცხობა და მოიგონა რაღაც წამალი, რითიც გაშიშვლების ახსნა მოუნდათ;

შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან (არცერთზე არ ვყოფილვარ), არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან;

ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ და მაინც დაისჯებით ყველა ფაქტისთვის და ყველა ადამიანის ღირსების შელახვისთვის“,- წერს ხოშტარია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს განაცხადა, რომ "დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 – ით რეგულირდება.

პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.

აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს".

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, რომ დაკავებულის პირადი დათვალიერებისას, მის სრულად გაშიშვლებას ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანება, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის შესახლების პროცედურას არეგულირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S