
ხაზარაძეს არ აქვს გადაწყვეტილი, გადაიხდის თუ არა 50 000-ლარიან გირაოს
02/04/2025 10:57:25 პოლიტიკა
50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს ოპოზიციონერ ლიდერს პარტია „ძლიერი საქართველოდან“ მამუკა ხაზარაძეს. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.
თავად ხაზარაძემ თქვა, რომ ადვოკატებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვეტს, გადაიხდის თუ არა გირაოს.
მან თქვა, რომ არ აღიარებს არალეგიტიმურ პარლამენტს და მის მიერ შექმნილ კომისიას და ამიტომ არ გამოცხადდა სხდომაზე და ეს განმარტა სასამართლოში.
"ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში შემოვედი, „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარეობს ჩემი პიროვნული დისკრედიტაციის მცდელობა სხვადასხვა მოგონილი საქმეებიდან გამომდინარე - ესეც განვაცხადე სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში ჩემი მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში არც ერთი საქმე არ ყოფილა ჩემს წინააღმდეგ, არც საჩივარი ან რამე გარჩევა, მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 14-15 წლის წინანდელ აბსურდულ ზღაპრებს ჰყვებიან, მზად ვარ, ამ სასამართლოში გავცე კვალიფიციური პასუხი, თუ მსგავსი რამ არსებობს. ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებ პოლიტპატიმრებს, ბიჭებო, მაგრად იყავით! აქ ჩვენ მაგრად ვართ, ნებისმიერი გადაწყვეტილება რაც არ უნდა მიიღოს, ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თქვენ არ მიგატოვებთ. არ მივატოვებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას, არ მივატოვებთ ქართველი ხალხის არჩევანს, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი“,- განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძეს „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ელოდნენ, როცა გამოკითხვა ტარდებოდა შპს „მაგნატის“ საქმეზე.ვინაიდან ხაზარაძე არ გამოცხადდა სხდომაზე,კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მისი საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გაუგზავნა. პროკურატურის განმარტებით, „გამოძიებით დადგინდა“, რომ ხაზარაძე პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა. ხაზარაძეს ბრალი გუშინ, 1 აპრილს წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, - „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ მუხლით.