
ლილუაშვილს და მის მოადგილეებს მადლობა გადაუხადეს და ოხანაშვილის ახალი მოადგილეები წარადგინეს
05/04/2025 09:10:35 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მთავრობის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს ანრი ოხანაშვილს ახალი მოადგილეები ეყოლება. ესენია: ირაკლი ბერაია, გელა გელაძე და ლევან ხარანაული.
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო. გავამართლო ჩემს მოადგილეებთან ერთად. ირაკლი ბერაია, რომელიც პირველ მოადგილედ არის დანიშნული, გელა გელაძესა და ლევან ხარანაულთან ერთად", - განაცხადა ოხანაშვილმა, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ თანამშრომლებს წარუდგინა.
მანამდე, ირაკლი კობახიძემ სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს და მის მოადგილეებს მადლობა გადაუხადა:
"გასული ექვსი წელი იყო განსაკუთრებული სირთულეებით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, იყო საგანგებო გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგა ჩვენი ქვეყანა. ამ რთული გამოწვევების ფონზე ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი ძალიან დიდი ღირსებით, პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით უძღვებოდა იმ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჰქვია. კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, მისი ღვაწლისთვის და უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა გასული ექვსი წლის განმავლობაში. მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონი გრიგოლის მოადგილეებს, ბატონ ალექსი ბატიაშვილს, ბატონ გიგა ნიკოლეიშვილს, ბატონ ლევან ახობაძეს, ბატონ შენგელი ფიცხელაურს, თითოეულ მათგანს ასევე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და უსაფრთხოების შემდგომ განმტკიცებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის: 3 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სუს-ის აწ უკვე ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად ინიშნებოდა. ლილუაშვილმა თქვა, რომ ამ პოზიციას ნოემბრამდე დაიკავებდა.
თუმცა მეორე დღეს, 4 აპრილს კობახიძემ განაცხადა, რომ ლილუაშვილი „აღარ დაიკავებდა“ ამ პოსტს, რის მიზეზადაც „საკადრო პოლიტიკაში განსხვავებული მიდგომები“ დაასახელა.
კობახიძის თქმით, ლილუაშვილთან, ძირითადად, მოადგილეების დანიშვნაზე ვერ შეთანხმდნენ.
"ქართული ოცნების" მთავრობის რეგიონული განვითარების მინისტრად კახა გულედანი ინიშნება.