კობახიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რეალური უწოდა

07-04-2025 13:27:45 კონფლიქტები ,პოლიტიკა

“ქართული ოცნების” მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიღწევა შესაძლებელია "მოთმინებითა" და “თანმიმდევრული პოლიტიკით".

“მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ჯერ ცნობილი არ არის, საით წავა პროცესები, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში, მათ შორის რაც არის ჩვენი მთავარი ოცნება - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ესეც არის რეალური, თუ ჩვენ გამოვიჩენთ მოთმინებას და თანმიმდევრულად გავყვებით ჩვენს პოლიტიკას. სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ამ საკითხის გადაჭრა დამოკიდებული, თუმცა მოთმინებით და სწორი პოლიტიკით ყველაფერი არის შესაძლებელი”, - თქვა ირაკლი კობახიძემ "იმედთან”.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა არაერთგზის წამოწიეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა. ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზად იქნებოდა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაეყვანა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს. მან ისაუბრა ოსი ხალხისთვის 2008 წლის მოვლენების გამო ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზეც.

მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს "ურთიერთობების ნორმალიზების" პროცესში, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. ამასთან, მოსკოვი აცხადებს, რომ არ აპირებს მის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობის აღიარების" უკან გაწვევას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები