
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილს შეხვდა
08/04/2025 14:30:49 პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასამბლეის თავმჯდომარე პია კაუმასა და ქართული დელეგაციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
პია კაუმა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.
შეხვედრას, რომელიც ტაშკენტში გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში, ესწრებოდნენ სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ პოსტშია ნათქვამი, შეხვედრა “გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე იყო ორიენტირებული“.
სადავო პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, შეხვედრაზე “შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს საქმიანი კავშირების მნიშვნელობას, ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ეუთო/ოდირის როლზე არჩევნების ობიექტურად შეფასებაში. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა პარლამენტის მიერ მიღებულ და ინიცირებულ საკანონმდებლო აქტებსა და სამომავლო ინიციატივებზე. მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება”.