08-04-2025 22:00:40 ევროპა ,პოლიტიკა
ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება არ აპირებს დაუბრუნდეს ევროპულ გზას“. მის განცხადებას ავრცელებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს დანარჩენი 7 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" (საია) დემოკრატიის დამცველის ჯილდო გადასცა.
„თვეების მანძილზე დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებებისა და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, „ქართული ოცნება“ არ აპირებს დაუბრუნდეს ევროპულ გზას და დაიცვას საკუთარი ამომრჩევლის დემოკრატიული მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა“, - , - განაცხადა დაუთიმ.
მან ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა.
„საია არსებით დახმარებას უწევს ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. მადლობას ვუხდი საიას ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეში", – განაცხადა მინისტრმა.
„დემოკრატიის დამცველის ჯილდო“ 2016 წელს დაარსდა და გადაეცემა იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან დემოკრატიის პოპულარიზაციით და ადამიანის უფლებების დაცვით.
ცნობისთვის: დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აპრილს სანქცირებულთა სიას, სხვებთან ერთად, მოსამართლე ლევან მურუსიძე და მისი კოლეგა მიხეილ ჩინჩალაძე დაამატა.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქციები ითვალისწინებს „ამ პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების აქტივების დაყადაღებას“, ყადაღა კი შეეხება „მათ [საბანკო] ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს“.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს. წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 8 აპრილისათვის 27 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.