
საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
03/03/2020 06:45:33 საგარეო პოლიტიკა
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყანაში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისას სხვა საკითხებთან ერთად იმ ერთობლივ ქმედებებზეც იმსჯელებენ, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არის საჭირო.
"განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკის გაღრმავებას, ასევე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, კულტურას, ხალხთაშორის ურთიერთობას. ბუნებრივია, ასევე, ვისაუბრებთ, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. სომხეთიც და საქართველო გახლავთ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნები, წლევანდელი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი გაიმართება წელს. მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება, კოორდინაცია. ასევე, აღსანიშნავია, რომ ვიზიტი მიმდინარეობს მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ფონზე და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომ ამ გამოწვევას ჩვენ ერთობლივად გავუმკლავდეთ. ეს კოორდინაცია ძალიან ეფექტურად განხორციელდა განვლილი დღეების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის დროსაც ჩვენ ვისაუბრებთ ასევე ერთობლივი ქმედებების ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რომელიც დაგვეხმარება ამ პრობლემასთან გამკლავებაში”,- განაცხადა ზალკალიანმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ამასთან, იგი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.