
"გაჩნდა ახალი ფაქტორები, რომლებიც საქართველო–სომხეთის მეგობრობას კიდევ უფრო განუყოფელს ხდის"
03/03/2020 08:57:49 საგარეო პოლიტიკა
"გაჩნდა ახალი ფაქტორები, რომლებიც ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო განუყოფელს ხდის", – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგა გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და დარწმუნებული ვარ, ამისთვის არის ყველა წინაპირობა. ეჭვგარეშეა, რომ მრავალსაუკონოვანი მეგობრობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ისტორიულ მემკვიდრეობას, მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას. დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ გაჩნდა ახალი ფაქტორები, რომლებიც ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო განუყოფელს ხდის და აძლიერებს ჩვენს მისწრაფებას თანამშრომლობისკენ. ეს, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის აშენებისკენ მიმართული ჩვენი ორი ხალხის საერთო ხედვაა, რომელიც წარუშლელია ჩვენში და რწმენის ძალა აქვს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. საუბრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ინტენსიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის. ყურადღება დაეთმო ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს და აქტიურ თანამშრომლობას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და სხვა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან. ამასთან, იგი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 4 მარტს დასრულდება.