11-04-2025 15:50:04 პოლიტიკა ,ეკონომიკა
ბელორუსის ავტორირატი ლიდერი, პუტინის პროექტ "რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს" თანაშემოქმედი ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლის წარმომადგენლების კვალდაკვალ "ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის დამცველად გვევლინება და ირწმუნება, რომ საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველმა ძალამ მის სანქცირებულ რეჟიმთან ეკონომიკური თანამშრომლობა იმის გამო დაიწყო, რომ ქართულ პროდუქციას "აშშ-სა და ევროკავშირში არ იღებდნენ". ამასთან, ლუკაშენკო სიამაყით აღნიშნავს "ბელორუსსა და რუსეთთან საქართველოს დაახლოებას" და იმედოვნებს, რომ "თბილისს კიევიც მიბაძავს".
"ნახეთ, რა მოხდა საქართველოში: ისინი უკვე იმასაც კი არ გამორიცხავენ (როგორც დღეს წავიკითხე), რომ შესაძლებელია მათი ტერიტორიული მთლიანობის (ეს ციტატაა) აღდგენა. დღეს ისინი ჩვენს ბაზარზე უკვე ყიდიან არა მარტო ღვინოს, არამედ სხვა პროდუქციასაც, რომელიც ვერსად გაჰქონდათ - არც ევროკავშირში იღებდნენ, არც აშშ-ში, რადგან იქ მის გარეშეც საკმარისი აქვთ. და სად მოვიდნენ ქართველები? - ჩვენთან მოვიდნენ და რუსეთთან! ეს ის გზაა, რომლის გავლაც უკრაინასაც მოუწევს. ჩვენ - ბელორუსებს, გვჭირდებოდა ეს მძიმე გზა? - არა! უკრაინელებმა მოცადეს ნატო-ში შესვლა, ევროკავშირში შესვლა და რა?! მაგრამ მოვლენ ამ ქვეყნის სათავეში საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც აღარ იტყვიან უარს ჩვენს კავშირში შემოსვლაზე და ვფიქრობ, უკრაინაც ჩვენთან ერთად იქნება... არიან რიგი სხვა ქვეყნებიც - აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და სხვები, რომლებიც აკვირდებიან ჩვენს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (პუტინის ЕАЭС)" - განაცხადა ლუკაშენკომ რუსეთის პროპაგანდისტული ტელეკომპანია "МИР"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
იხილეთ ასევე: პუტინი „დიდი ევრაზიის მაკრორეგიონის“ ჩამოყალიბებას გეგმავს, „ოცნება“ „მოვლენათა განვითარების მიხედვით“ აპირებს მოქმედებას
ამ ფონზე "ოცნების" მთავრობის პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გასული წლის ნოემბრის ბოლოს თავად გამოაცხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ოფიციალურად დაპაუზება, დღეს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე კვლავინდებურად ირწმუნებოდა, რომ "ოცნების" გუნდის მთავარი პრიორიტეტი კვლავ ევროინტეგრაციაა, თუმცა არ უარყოფდა, რომ ქართველი დიპლომატების ნაწილი უკვე "უსაქმოდაა დარჩენილი" და იქვე იმასაც აღნიშნავდა, რომ "ოცნების" საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, რუსეთის მიერ ჩვენი ტეროტორიების ოკუპაციის მიუხედავად.
ცნობისთვის: "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, განსაკუთრებით ბოლო წლებში დსთ-ის ქვეყნების წილი ქართული პროდუქციის ექსპორტში საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა შემცირდა. ეს - იმის მიუხედავად, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კვლავინდებურად მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მთელ რიგ ექსკლუზიურ მრავალწლიან შეღავათებს ითვალისწინებს და ევროკავშირის ბაზარი რუსეთისაზე ათჯერ დიდია.
მიმდინარე წლის მარტში, "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების პირობებში დანიშნული ელჩისგან რწმუნებათა სიგელების მიღებისას ლუკაშენკომ, რომელმაც უკვე მერამდენედ მიპატიჟების შემდეგ უკვე იგულა კიდეც ივანიშვილის საქართველო პუტინის "საკავშირო სახელმწიფოს" შემადგენლობაში, კვლავ გაიმეორა "ოცნების" სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული გზავნილები საქართველოს მოქმედი მმართველი ძალის მიერ დასავლეთისგან "ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის" თაობაზე და "ამ მიმართულებით" "ქართული ოცნების" ნაბიჯებს" კიდევ ერთხელ მიესალმა.