
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 7-9 აპრილი
11/04/2025 12:32:39 კონფლიქტები
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირაკლი კობახიძეს უპასუხა
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ეხებოდა.
დე ფაქტო უწყების თანახმად, „საქართველოს ხელისუფლების განცხადება მოწმობს, რომ მას არ სურს, უარი თქვას ძველ მიდგომებზე, რომლებიც დიდი ხანია არ შეესაბამება შექმნილ რეალობას“.
„აფხაზეთის რესპუბლიკა არის თვითმყოფადი სახელმწიფო, რომელმაც ხალხის ნების გათვალისწინებით საკუთარი დამოუკიდებელი სტატუსი განსაზღვრა. საქართველოსთან შემდგომი თანაარსებობა შესაძლებელია კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ აღნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე განცხადებების ნაცვლად, სურს, იხილოს „კონსტრუქციული დიალოგის სურვილი და კომპრომისების ძიებისკენ სწრაფვა, რაც მშვიდობიან და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების შექმნას შესაძლებელს გახდიდა“.
აფხაზეთის ახალმა ლიდერმა რიგი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო
აფხაზეთის ახალარჩეულმა ლიდერმა ბადრა გუნბამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად სოხუმის „მერი“ ბესლან ეშბა დანიშნა, ხოლო მის ნაცვლად „მერის თანამდებობას“ ტიმურ აგრბა დაიკავებს. გუნბამ მადლობა გადაუხადა ეშბას გაწეული მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ მისი ძალისხმევა საგრძნობლად აისახა დედაქალაქის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე.
მანამდე ბადრა გუნბამ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ვლადიმირ დელბა დანიშნა, რომელმაც ე.წ. „მინისტრთა კაბინეტი“ უნდა ჩამოაყალიბოს.
ვინ დაიკავებს „თანამდებობებს“ ბადრა გუნბას გუნდში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოსტებს ვერ შეინარჩუნებენ დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი, შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. ასევე, დიდი ალბათობით, გუნდში არ დარჩება ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი, ბადრა გუნბასთან მისი ახლო კავშირების მიუხედავად. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბადრა გუნბა „სახალხო ერთობის“ ჩამოყალიბების მომხრეა და ამის გათვალისწინებით, „თანამდებობები“ შესაძლოა თავის „პრეზიდენტობის“ მეტოქეებსაც შესტავაზოს. კერძოდ, აფხაზეთში აქტიურად საუბრობენ „საგარეო საქმეთა მინისტრის“ პოსტზე ოლეგ ბარციცის შესაძლო დანიშვნაზე, რომელიც მოსკოვისთვის მისაღებ კანდიდატურას წარმოადგენს და სოხუმშიც პატივისცემით სარგებლობს. ე.წ. ფინანსთა სამინისტროს სავარაუდო კანდიდატად რობერტ არშბას მოიხსენიებენ. ყველაზე დიდი ინტრიგა ოპოზიციის ლიდერს, ადგურ არძინბას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სწორედ მან დაიკავოს ე.წ. ეკონომიკის მინისტრის პოსტი.
ასევე უცნობია აფხაზეთის ყოფილი ლიდერის, გადამდგარი ასლან ბჟანიას ბედი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან შესაძლოა რუსეთში ე.წ. აფხაზეთის ელჩის ან დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნოს.
აფხაზურ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო აღსრულების სამსახურმა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად „რესპუბლიკური უნიტარული საწარმო - აფხაზსვიაზი“ ვალდებულია, რუსეთის ფოსტას აუნაზღაუროს ზარალი 67,2 მილიონი რუბლის ოდენობით, რაც დაახლოებით 800 ათას აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთთან „ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების თაობაზე“ ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად, დე ფაქტო ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა უზრუნველყოს.
ზემოხსენებულ შეთანხმებას ჯერ კიდევ 2022 წელს მოეწერა ხელი, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ მისი რატიფიცირება მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში, რუსეთის მიერ ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ მოახდინა. ადგილობრივი ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მის ფარულ რისკებზე საუბრობენ, რაც პირველ რიგში რუსეთის სასამართლოების მიერ აფხაზეთისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შემდგომი აღსრულების ვალდებულებას უკავშირდებოდა.
ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ირაკლი პერტახია დააკავეს. მას ბრალად ედება 2023 წლის 22 დეკემბერს, ძარცვის მიზნით 70 წლის ქალზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა იარაღის მუქარით ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნულ საქმეზე გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმისწარმოება დროებით შეჩერდა იმის გამო, რომ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა. დაკავებულმა ირაკლი პერტახიამ დანაშაული აღიარა. მას პირადი ჩხრეკისას საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ასევე აფხაზეთის ე.წ. ბინადრობის მოწმობა აღმოაჩნდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021