
თეა წულუკიანი: "რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება, დავსვა ეს კითხვა, ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ"
12/04/2025 04:34:56 პოლიტიკა
“მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ. კითხვას ვსვამთ, თუ ეს აღმოჩნდა, რომ ასე იყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიტყვით და ვამბობთ რომ ეს ხალხი გმირები არიან. როდესაც გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი კომისიაზე ხმას უწევს, გეგონება მოგებული ომის გენერალი იყოს და ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, რატომ არ გამოიყვანა მან მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინმემ დაავალა? რაც მე მგონია, რომ მას ეს დაავალეს, რადგან სააკაშვილის მიზანი არ უნდა ყოფილიყო იქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა იმიტომ, რომ შემდეგ ლამაზად უნდა დამდგარიყო ტრიბუნასთან და ეთქვა, რომ შეხედეთ ხალხო, მსოფლიოვ, შეხედეთ, აი რუსეთი რა ბოროტია - თითქოს გვჭირდება ჩვენი ვინმეს ამის ახსნა ვინ არის რუსეთი - ამდენი ხალხი რომ ჩამიხოცა. ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილს ეს ამისთვის სჭირდებოდა. ამიტომ ვსვამთ ამ კითხვებს, იქნებ, გაბათილდეს ეს კითხვები. მაგრამ გენერალმა ზაზა გოგავამ ეს ვერ გააბათილა. მან ხელები გასავსავა და თქვა, რომ ვერ შევძელი მოსახლეობის გამოყვანაო. ამ დროს მას არ ჰქონდა გეგმა”,- ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა თეა წულუკიანმა, რომელიც "ქართული ოცნების" პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს.
მას ამ ნათქვამის გამო საზოგადოების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს. მოგვიანებით, ამ ინტერვიუეს შემდეგ მის სახლთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ.
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 23 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 2024 წლის 18 აგვისტოს თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე მისი მემორიალური სვეტი გაიხსნა.