რუსეთის საგარეო მოუწოდებს საქართველოს, დიპლომატიური ურთიერთობების თემა არ დაუკავშიროს აფხაზეთსა და ცხინვალს

14-04-2025 12:24:37 კონფლიქტები ,პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი რუსულ პროპაგანდისტულ „იზვესტიასთან“ ამბობს, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

„მზად ვართ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება, აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, – ამბობს გალუზინი.

ინტერვიუში გალუზინი 2008 წლის ომში საქართველოს ადანაშაულებს და ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა არა რუსეთმა, არამედ „სააკაშვილის რეჟიმმა, მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სცადა აგრესიის განხორციელება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“.

გალუზინი აქებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს:

„გასულ შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ხელმძღვანელობამ გააკეთა ძალიან გონივრული განცხადებები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ“.

მისი თქმით, როგორც ხვდება, იგივე დამოკიდებულება აქვს ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის მიმართაც, „და ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია“ და იმედოვნებს, რომ ეს გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში „საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“.

ამავე ინტერვიუში გალუზინი ამბობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, "დამოუკიდებელ ქვეყნებად" აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი არ შეიცვლება და წუხს, რომ საქართველო ამ საკითხს უკავშირებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას:

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, მიღებული 2008 წლის აგვისტოში, გადახედვას არ ექვემდებარება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები