Accentnews.ge
გახარიამ კომისიას ურჩია, ივანიშვილი დაკითხოს "გავრილოვის ღამის" მოვლენებთან დაკავშირებით

გახარიამ კომისიას ურჩია, ივანიშვილი დაკითხოს "გავრილოვის ღამის" მოვლენებთან დაკავშირებით

14/04/2025 08:53:18 პოლიტიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სადავო პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდა.

თავდაპირველად პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 აპრილს, 12:00 საათზე გიორგი გახარია პარტიაში ბრიფინგს გამართავდა, სწორედ ამ დროს იყო დაბარებული ის „ქართული ოცნების“ პარლამენტში. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ბრიფინგი გადაიდო და პარტიის ლიდერი კომისიის სხდომაზე მიდიოდა.

კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა მას მადლობა უთხრა მისვლის გამო და აღნიშნა – „როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი ჩვენ-ჩვენ დეპუტატის უფლებამოსილებაში“.

გახარიასთან კითხვები კომისიას "გავრილოვის ღამესთან" დაკავშირებით აქვს. მან სხდომაზე თქვა, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი, „გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი, ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა“, გენერალური პროკურორი, ასევე, სუს-ის ხელმძღვანელი.

„მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა, მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ: ის პროცესები, რომლებიც შემდგომ მოხდა 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს“, – თქვა გახარიამ.

მან განაცხადა, რომ სხვა ბევრთან ერთად, თეა წულუკიანი ემხრობოდა პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს ნიკა მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, „თუმცა მაშინაც, 2021 წლის 18 თებერვალს, უჩინარი კაცი, როგორც ჩანს გამოჩნდა პროცესების მართვის პროცესში და თქვენ ყველას შეაცვლევინათ აზრი“.

20 ივნისთან დაკავშირებით გახარიამ თქვა, რომ მიცემული აქვს ორი ჩვენება პროკურატურაში და ამ ჩვენებებს არ ცვლის. მან თქვა, რომ არ აპირებდა კომისიის სხდომაზე მისვლას, რადგან "თუ ვინ გასცა ბრძანება პარლამენტის შტურმის შესახებ არ გაინტერესებთ", და სხვა საქმეებშიც, "რასაც კომისიის მუშაობას თვალს ვადევნებ, მთავარ ფიგურანტებს, ნაცების წარმომადგენლებს უბრალოდ არ ეძახით". მან ასევე თქვა, რომ კომისიას „ოცნება“ ჰიბრიდული ომისთვის იყენებს:

„ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში. მაშინ (გულწრფელად ვამბობ - არ ვამატებ არც ერთ სიტყვას) ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული, მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ კომისიას ვაღიარებ - მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ. მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე, სამწუხროდ, მუშაობს და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი, სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს“, – თქვა გახარიამ.

წულუკიანმა თქვა, რომ მათი საუბარი გაცილებით რთული გამოვა, ვიდრე მოელოდა. ამ დროისთვის სხდომა გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S