14-04-2025 21:22:21 პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ აკრძალავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რის საფუძვლადაც ასახელებს საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადის გაზრდის გამო პროცედურების გახანგრძლივებას.
სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიას მუშაობის თავდაპირველად დათქმული 3-თვიანი ვადა 5 მაისს ეწურებოდა, თუმცა 10 აპრილს კომისიის სხდომაზე კომისიამ ამ ვადის ერთი თვით გახანგრძლივება ითხოვა.
14 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ვადის გახანგრძლივების მოთხოვნას ეთანხმებიან, თუმცა იქვე თქვა, რომ ეს გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს: „კომისიის მხოლოდ 3-თვიანი ვადის შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის [პარტიების აკრძალვის შესახებ ] შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება. თუმცა თუ ჩვენ ვადას 1 თვით ვახანგრძლივებთ, ამ პროცესის ამ ვადაში პროცესის დასრულება შეუძლებელია“.
„შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისთვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
„მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ“, - დასძინა მდინარაძემ.
მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ მოამზადებენ საკონსტიტუციო სარჩელს, „რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში“.
მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ საგამოძიებო კომისიის შესასწავლი საკითხების ნუსხა ვრცელია, რომ „კომისიის სახელზე ასობით განცხადება შედის“, სადაც „ენმ-ისა და მისი სატელეტი პარტიების შემზარავ ისტორიებს“ მოუთხრობენ: „ყველა მათგანი საგამოძიებო კომისიაზე გატანა-შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ცდილობს რაც შეიძლება მეტი მოასწროს“.
ამასთან, მდინარაძემ განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ „პატრონები და დამფინანსებლები“ პარტიებს „დაავალებენ“ არჩევნებში მონაწილეობას.