15-04-2025 14:09:54 კონფლიქტები
ორი რუსული ავიაკომპანია სოხუმის აეროპორტში ფრენების ნებართვას იღებს
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ორ რუსულ ავიაკომპანიას, Nordstar-სა და iFly-ს, მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების ნებართვა გასცა.
როსავიაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, iFly-ს ექნება შესაძლებლობა მოსკოვი-სოხუმის მიმართულებაზე კვირაში 14 რეისი შეასრულოს. Nordstar-ს კი ამავე მიმართულებაზე შვიდი სიხშირით ფრენის ნებართვა, ასევე, დამატებით კვირაში სამჯერ კრასნოიარსკიდან სოხუმამდე რეისების შესრულების უფლებაც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანია ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.
მანამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ სოხუმის აღდგენილ აეროპორტში რეგულარული ფრენები 1 მაისიდან განახლდება. პირველი საცდელი ფრენა სოხუმის მიმართულებით 7 თებერვალს შესრულდა, რომელიც ასევე ევროკავშირის მიერ სანქცირებულმა ავიაკომპანია „იუვტ აერო“-მ განახორციელა.
„აფხაზეთის გუნდის“ პროექტის გამარჯვებულებს დე ფაქტო მთავრობაში თანამდებობები შესთავაზეს
ოკუპირებულ აფხაზეთში დასრულდა კონკურსი „აფხაზეთის გუნდი“, რომლის შედეგადაც 22 გამარჯვებული გამოვლინდა . პროექტი „აფხაზეთის გუნდის“ ინიციირების თაობაზე ბადრა გუნბამ ე.წ. საარჩევნო კამპანიის დროს გამოაცხადა. პროექტი, რომელიც კრემლის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და რუსეთში ერთ-ერთი ახალგაზრდული პროგრამის ანალოგს წარმოადგენს, საჯარო სექტორის რეზერვისთვის კადრების შერჩევას და შემდგომ მომზადებას ითვალისწინებს.
გამარჯვებულებს თავად ბადრა გუნბა შეხვდა და რამდენიმე ახალგაზრდას ახალ დე ფაქტო მთავრობაში „თანამდებობებიც“ შესთავაზა. კერძოდ, „ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს“ აფსირტ ცვიჟბა, ხოლო ე.წ. მინისტრთა კაბინეტის აპარატს იატირ აშიბა უხელმძღვანელებენ. თარაშ ხაგბა ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში „ვიცე-პრემიერად“ დაინიშნება. ყველაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება ე.წ. ენერგეტიკის მინისტრის პოსტს უკავშირდება და მას ბატალ მუშბა დაიკავებს. მანამდე ამ „თანამდებობას“ ჯანსუღ ნანბა იკავებდა.
„პრეზიდენტის წინადადება ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბოლომდე ვერც გავაცნობიერე რა მოხდა... ენერგეტიკის სფერო ჩემთვის ახალი არ არის, უკვე ერთწლიანი გამოცდილება მაქვს. მე და ჩემს კოლეგებს გარკვეული გეგმები გვაქვს და მათ განხორციელებას ვაპირებთ“, - განაცხადა „მინისტრობის“ კანდიდატმა.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთობლივ სავაჭრო შეთანხმებას ამზადებენ
აღნიშნული საკითხი ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა ბადრა გუნბამ და ალან გაგლოევმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს. კერძოდ, საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც საქონლით ვაჭრობას გადასახადების გარეშე ითვალისწინებს.
გუნბას განცხადებით, შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს „მოძმე რესპუბლიკებს შორის“ ვაჭრობის ზრდას და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებას აფხაზეთის ახალი დე ფაქტო მთავრობის დაკომპლექტებისთანავე მოეწერება ხელი.