თემურ ქათამაძეს საიმიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივეს

15-04-2025 15:23:21 პოლიტიკა

თბილისის სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თემურ ქათამაძეს 6 თვემდე გაუხანგრძლივა საიმიგრაციო პატიმრობა.

„იმის მიუხედავად, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა ვფიქრობთ, რომ იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და არანაირი ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მაინც დაკმაყოფილდა მიგრაციის სამსახურის შუამდგომლობა და გაფარ ილმაზის დაკავების ვადა გახანგრძლივდა 6 თვემდე ვადით“, – ამბობს ადვოკატი ვერიკო ჯგერენაია.

ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე ითხოვდნენ ალტერნატიული ზომების გამოყენებას, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში კვირაში 2-ჯერ გამოცხადება, ან გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულება. ჯგერენაია ამბობს, რომ შსს-მ ვერც ალტერნატიული ზომების გამოყენებაზე უარი დაასაბუთა, თუმცა სასამართლომ მაინც უწყების პოზიცია გაითვალისწინა.

ადვოკატი იხსენებს, რომ თემურ ქათამაძე 2025 წლამდეც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თუმცა მანამდე აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნია.

მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტის არგუმენტის მიხედვით, სანამ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ქათამაძე ითვლება თავშესაფრის მაძიებლად და უწყების აზრით, მან თავშესაფრის მაძიებლობა და ჰუმანიტარული დაცვის სტატუსის მიღება სცადა იმიტომ, რომ გაძევების საქმე გაჭიანურებულიყო.

თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად.

მეორედ დაკავების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა. 1 აპრილს პატიმრობაში მყოფმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა განაახლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები