გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

16-04-2025 09:04:49 პოლიტიკა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ექს–პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია არ გამორიცხავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, პარტია ამჟამად ემზადება როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი არჩევნებისთვის:

„ჩვენ ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში“.

კითხვაზე, „თუ არ დაინიშნება“, რას აპირებს, შემდეგი განაცხადა:

„აი, რომ არ დაინიშნება, მერე გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას“.

„კატეგორიულად უარს არ ამბობთ?" - ჰკითხა მას ჟურნალისტმა.

„რა თქმა უნდა, არ ვამბობთ“, - უპასუხა გახარიამ.

„გიმეორებთ და გიდასტურებთ, კატეგორიულად უარს არ ვამბოთ და ვერავინ ვერ მათქმევინებს. ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი [ვერ გადაგვარწმუნებს“, – დასძინა გახარიამ.

მისი თქმით, შესაბამისი კატეგორიული გადაწყვეტილებისთვის არჩევნებზე გასვლა/არგასვლის საკითხზე დღეს მზად არ არის.

"შეიძლება, მივიღოთ, შეიძლება, არ მივიღოთ, მე არ ვარ ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს მზად", - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შემთხვევაში არ მიიღებს პარტია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გახარიამ უპასუხა:

„ეს კითხვა არის ინტერესი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა... იმდენად უსუსურები არიან, რომ თავიანთი გადაწყვეტილება თავიანთ თავზე ვერ აუღიათ და გვიყურებენ ჩვენ“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები