„ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტების გაცემა/მიღება აკრძალა

16-04-2025 14:45:20 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პარტლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.

ცვლილებებს პლენარულ სესიაზე „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა პარლამენტარმა მისცა ხმა.

კანონი ამოქმედდება, როგოროც კი მას „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს.

ცვლილებების პაკეტი „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით განიხილა და პლენარულ სესიაზე სამი მოსმენით ორ დღეში, 15-16 აპრილს მიიღო.

კანონის მიერ ახლადდაწესებული მოთხოვნები არ გავრცელდება აქამდე გაცემულ თუ მიღებულ გრანტებზე, თუკი გრანტის ხელშეკრულება არ შეიცვლება.

ცვლილებების შედეგად:

  • გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
  • პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;
  • გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
  • თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
  • უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს - „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.

ასევე გამონაკლისებიც არსებობს, კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორი ფრაქცია “ქართული ოცნებაა“.

ცვლილებებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილმა „ქართველი ხალხის დევნის აქტი“ უწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები