16-04-2025 14:08:06 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბაქოში შეხვდა. ეს მიხეილ ყაველაშვილის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მოწყობილ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე ალიევმა და ყაველაშვილმა, მათ შორის საქართველო-აზერბაიჯანის მჭიდრო კავშირებსა და საერთო ინტერესებზე ისაუბრეს.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით ამ საფრთხეებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მსგავსი განცხადება წარსულში გააკეთა ილჰამ ალიევმაც. კერძოდ, 9 აპრილს მან თქვა, რომ „ევროკავშირი საქართველოს კოლონიალისტივით ექცევა“, „შიდა საქმეებში ერევა“ და „ხალხის ნებას უგულებელყოფს“.
„დღეს არსებული გლობალისტური ეპოქა, რომელიც სავსეა გამოწვევებითა და საფრთხეებით ... ფუნდამენტურ ღირებულებებს ემუქრება... ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვის ბრძოლაში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულმა ხანგრძლივმა მეგობრობამ და საერთო გონივრულმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა, რეგიონის როლი სწორად განგვესაზღვრა“.
„შეუძლებელია, ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ იცოდეს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის. მიხარია, რომ საერთო ინტერესების დასაცავად ჩვენს შორის თანამშრომლობამ ინტენსიური სახე მიიღო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სადაც ჩვენი ხალხები შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას საკუთარი ადათ-წესებით და არა თავსმოხვეული ლიბერალური ღირებულებებით“, - განაცხადა მან.
ყაველაშვილმა ასევე თქვა, რომ საქართველო „მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ყველა პუნქტის ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას“. ამასთან, მან გამოთქვა იმედი, რომ ერევანი და ბაქო ახლო მომავალში მოაწერენ ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას.
მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი გუშინ, 15 აპრილს დაიწყო. იგი თავდაპირველად პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მიიღო.