შსს: “პოლიციელმა გიორგი ზაბახიძემ ბლაგვი საგნის მოხვედრის შემდეგ თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, დადგინდა, რომ მან მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა”

16-04-2025 16:44:32 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიციელი, რომელმაც საპროტესტო აქციების დროს თვალში მხედელობა დაკარგა, გიორგი ზაბახიძეა.

უწყების მტკიცებით, 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო.

შსს წერს, რომ ის სასწრაფო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა გადაუდებელი დახმარებისთვის.

„ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.

თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ თვალი ოპერაციას და განკურნებას არ ექვემდებარება, რის შემდგომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სამედიცინო მასალა გადაიგზავნა ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის რამდენიმე კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით გაიგზავნა, ანკარაში კლინიკა ”გიუვენში” და სტამბოლში კლინიკა ”აჯიბადემში”, თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმო-ქირურგების დასკვნით, მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.

მიღებული დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

ამ ეტაპზე დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები