
გიორგი ჩიკვაიძე: დაკავების შემდეგ, რუსული რეჟიმი მაიძულებდა, გამეკეთებინა განცხადება, სადაც ვიტყოდი ტყუილს, თითქოს ამერიკის საელჩო მაიძულებდა, მაძლევდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე
16/04/2025 14:12:00 პოლიტიკა
დაკავების შემდეგ, რაც უკანონოდ განხორციელდა 11 მარტს, რუსული რეჟიმი მაიძულებდა, რომ გამეკეთებინა განცხადება, სადაც ვიტყოდი ტყუილს, თითქოს ამერიკის საელჩო მაიძულებდა, მაძლევდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად, - ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩიკვაიძე აღნიშნავს, აშშ-ის საელჩო პირველივე დღიდან უწევს მონიტორინგს მის „წინააღმდეგ შეკერილ და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს“.
„რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ ჩვენს წინააღმდეგ რუსული რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ არაერთ უკანონო ქმედებაში, დევნის ნაწილში, მათ გადაწყვიტეს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს პროკურატურაში, რასაც ამერიკის საელჩოც დაგიდასტურებთ. წერილში ისინი აღნიშნავდნენ, რომ ჩვენს საქმეს უწევდნენ მკაცრ კონტროლს.
დაკავების შემდეგ, რაც უკანონოდ განხორციელდა 11 მარტს, რუსული რეჟიმი მაიძულებდა, რომ გამეკეთებინა განცხადება, სადაც ვიტყოდი ტყუილს, თითქოს ამერიკის საელჩო მაიძულებდა, მაძლევდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს წარმოადგენს დანაშაულს ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ დადგება დღის წესრიგში ამერიკული გამოძიების საკითხი, მზად ვარ ვითანამშრომლო მათ საგამოძიებო ორგანოებთან და პირადად ვამხილო ვიგინდარა, თაღლითი ხელისუფლების თუ რომელი წარმომადგენლების ინიციატივა იყო ეს ყველაფერი.
გარკვევით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემი ამ დაწესებულებაში ყოფნა არ არის უსაფრთხო და ყოველ დღე ვარ რისკის ქვეშ, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ განახორციელონ ჩემი ლიკვიდაცია“, - წერს ჩიკვაიძე.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეცვალა. ამასთან, მან ძალაში დატოვა მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო. პროკურატურა ორივე მათგანის პატიმრობას მოითხოვდა. ჩიკვაიძესა და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. პროკურატურა აცხადებს, რომ ჩიკვაიძის და პაპიაშვილის ქმედებებმა 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.