
ნანა ბუთხუზი: ყველას მოგიწოდებთ, ქვეყანას ვუშველოთ
16/04/2025 18:27:00 პოლიტიკა
“საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ, მსახიობების გადაკიდებას”, - ამ ფრაზით გამოეხმაურა მსახიობი ნანა ბუთხუზი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.
მსახიობი საზოგადოებას მოუწოდებს, გააპროტესტონ, რაც ხდება.
“ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თეატრის ამბავი, ეს არის ქვეყანა. ეს თეატრი არის საქართველო. საქართველო ვარ მე და თითოეული ჩვენგანი. მათ ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა არის საროსკიპო. ვიმეორებ შექსპირის სიტყვებს - “საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ, მსახიობების გადაკიდებას”. მსახიობები ამ შემთხვევაში არიან ადამიანები. ძალიან არ მინდოდა ეს წუთები დამდგარიყო. დღევანდელ დღემდე თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. არ ვიცი ხვალ და ზეგ რას მოვიმოქმედებ. ყველას მოგიწოდებთ, რომ ქვეყანას ვუშველოთ”,- განაცხადა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის თეატრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა.
სამინისტროს მტკიცებითს, „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.