
გიგა დათიაშვილი: რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა რეალური სახე, ხელოვნება იყო ერთადერთი სივრცე, სადაც დარჩენილი იყო პროტესტის კერა, უნდათ, ესეც ბოლომდე ჩააქრონ, არ გამოუვათ, გვაქვს გეგმა
16/04/2025 18:30:52 პოლიტიკა
რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი რეალური სახე, ეს არის რეპრესიული წყობა, - ასე ეხმაურება მსახიობი გიგა დათიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.
გიგა დათიაშვილის განცხადებით, მსახიობებს აქვთ სამოქმედო გეგმა და ამის შესახებ მალე საზოგადოებასაც გააგებინებენ.
„რაღაც მოლოდინები, რა თქმა უნდა, იყო. რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი რეალური სახე. ეს არის რეპრესიული წყობა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ხელოვნება იყო ერთადერთი სივრცე, სადაც დარჩენილი იყო პროტესტის კერა და ახლა უნდათ, რომ პროტესტის ეს კერა ბოლომდე ჩააქრონ. თუმცა ვაძლევ მაგის გარანტიას, რომ არ გამოუვათ. ანდრო ჭიჭინაძეს სოლიდარობას გამოვუცხადებთ ყველგან და ყოველთვის. გვაქვს გეგმა და ამას აუცილებლად გაიგეს საზოგადოება“, - განაცხადა გიგა დათიაშვილმა თეატრის შენობასთან.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის თეატრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა.
სამინისტროს მტკიცებითს, „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.