
კობახიძე: Deep State-თან კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
16/04/2025 19:08:09 პოლიტიკა
Deep State-თან კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
კობახიძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მანევრირების და კომპრომისების შედეგი.
„ჩვენ გვიწევდა მანევრირება, ამ მანევრირების და კომპრომისების შედეგი იყო და სწორედ რომ Deep State-თან კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. აქ შეიძლება კითხვა დაისვას, რომ ესეთი დაკნინებული იყო ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა? 2012 წლიდან მოყოლებული, რეალურად, ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები სუვერენიტეტის კუთხით იმიტომ, რომ დიდ, ძალიან სერიოზულ ძალასთან გვქონდა საქმე, იმპერიასთან, ასე დავარქვათ. შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი იყო დაკნინებული. თქვენ გახსოვთ, საჯაროდაც რაც ხდებოდა, რომ არ დაიჭიროთ სააკაშვილი, არ დაიჭიროთ ბოკერია და ა.შ. პირდაპირი ინსტრუქციები. ეს ხომ საჯაროდაც ხდებოდა, მაგრამ 10 იმდენი ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. რა თქმა უნდა, ჩვენი სუვერენიტეტი იყო სერიოზულად შეზღუდული 2021 წლის თებერვლამდე განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ გვიწევდა Deep State-ის აგენტის დატოვება პრემიერ-მინისტრად. ჩვენ ამაზე ღიად გვისაუბრია არაერთხელ, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში შევძელით ამ ქვეყნისთვის, სრული, ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ პრაქტიკულად, სათანადო, თვისებრივი სუვერენიტეტის დაბრუნება, მანამდე გვქონდა უმძიმესი ნაკლოვანებები და ხარვეზები ამ კუთხით, რასაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა. იძულება იყო და როცა რაღაცა იძულებაა, ამ შემთხვევაში შეცდომად ვერ მიიჩნევ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთის: “გლობალური ომის პარტია” არის “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.
ცოტა ხნის წინ “ოცნების” ლიდერებმა შეწყვიტეს ამ ტერმინის (გლობალური ომის პარტია) გამოყენება და ის Deep State-ით ჩაანაცვლეს. „ოცნება“ ჯერ აცხადებდა, რომ “დიფ სთეითი” გლობალური ომის პარტიის “არაფორმალური გავლენის მთავარი ინსტრუმენტი“ იყო ანუ ეს ორი სხვადასხვა “ორგანიზაციაა”. „ოცნების“ კონსპირაციის ბოლო ვერსიით კი, Deep State იგივე გლობალური ომის პარტიაა.
„ოცნებას“ ამ დრომდე კონსპირაციების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს ვინ არის „გლობალური ომის პარტიის“ ხელმძღვანელი.
სინამდვილეში, ყველას ვისაც „ოცნება“ „გლობალურ ომის პარტიაში“ მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
ზოგადად „დიფ სთეითით“ უფრო გლობალური კონსპირაციის თეორიაა და აღნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემას, რომელშიც არაოფიციალური პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ