ვუჩიჩმა თქვა, რომ 9 მაისს მოსკოვში გაემგზავრება და სერბული დანაყოფიც მიიღებს აღლუმში მონაწილეობას

17-04-2025 10:43:37 მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მას არ შეუცვლია გადაწყვეტილება კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის 9 მაისის აღლუმზე დასწრებაზე. მანამდე ევროპის ქვეყნები გააფრთხილეს, მონაწილეობა არ მიიღონ მოსკოვში, 9 მაისის აღლუმში რუსეთის მიერ ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის წარმოების ფონზე.

AP-ის ცნობით, ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქის წითელ მოედანზე 9 მაისს აღლუმში მონაწილეობას მიიღებს სერბეთის ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფი. მისივე თქმით, სერბეთი პირველად მონაწილეობს აღლუმის „ერთობლივ“ ორგანიზებაში.

„უახლოეს მომავალში ჩვენზე ზეწოლა განხორციელდება მოსკოვის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელში მონაწილეობაც გამოვაცხადეთ“, - განაცხადა მან.

სააგენტოს ცნობით, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მოსკოვში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიკოსთან ერთად გაემგზავრება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში მიწვეული არიან სერბეთის (ევროკავშირის წევრობის კანდიდატი), სლოვაკეთის (ევროკავშირის წევრი), ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ლიდერები.

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 14 აპრილს ლუქსემბურგში შეკრებილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 9 მაისს უკრაინაში მიიწვია და მოუწოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უდიდესი აგრესიის ფონზე ერთიანობა და სიმტკიცე აჩვენონ. პოლონეთმა მოიწონა ინიციატივა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები