თბილისში საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს მინისტრების მოადგილეების დონეზე

17-04-2025 14:48:05 კავკასია ,პოლიტიკა

თბილისში საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთის სამმხრივი შეხვედრა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა და სამხრეთ კავკასიის "სტრატეგიულ როლზე, რეგიონის პოტენციალსა და თანამშრომლობის ფორმატებზე" ისაუბრა.

„ის, რაც გვაერთიანებს და რამაც დღეს ამ მაგიდის გარშემო შეგვკრიბა, არის საქართველოს გულწრფელი სურვილი, ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო ინტერესების განსაზღვრას. სამხრეთ კავკასია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონია - უზარმაზარი პოტენციალით, რომლის რეალიზებაც ერთობლივად შეგვიძლია. რეგიონის შესახებ ჩვენი ხედვების გაზიარება და სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა ძალიან დროულია და ამავე დროს, უკიდურესად აუცილებელიც“, - აღნიშნა, საგარეოს პრესსამსახურის ცნობით, ბოჭორიშვილმა.

შეხვედრაზე, რომელიც დახურულ ფორმატში იმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან წარმოდგენილია ლაშა დარსალია, აზერბაიჯანის საგარეოდან - ელნურ მამმადოვი, სომხეთის საგარეოდან - ვაჰან კოსტანიანი.

როგორც საქართველოს საგარეოში ამბობენ, შეხვედრის ძირითადი მიზანია "სამი ქვეყნის საერთო ინტერესების და მოსაზრებების გაზიარება იმ მიმართულებების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო, პრაქტიკული, სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას, რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის და მდგრადი განვითარებისათვის".

"საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივი შეხვედრა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე უკვე არსებულ ფორმატს, არამედ წარმოადგენს სამი მეზობელი ქვეყნის დამატებით ძალისხმევას კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად",- ვკითხულობთ საგარეოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეხვედრას წინ უძღოდა მაკა ბოჭორიშვილის კონსულტაციები აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, "რა დროსაც მოხდა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივი შეხვედრის ინიცირება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები