"გადავწყვიტეთ, შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა" - ხელოვანები

17-04-2025 16:39:26 პოლიტიკა ,სამართალი

თბილისში კულტურის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს მსახიობებმა და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებმა. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულ დათო დოიაშვილს, ასევე პროევროპულ აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტებს, მათ შორის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და მოითხოვეს მინისტრ თინათინ რუხაძესთან შეხვედრა.

სამინისტროს შენობის წინ პოლიციელები იყვნენ მობილიზებული. მათ სამინისტროს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს ანდრო ჭიჭინაძის დედას ლიკა გუნცაძეს.

რეჟისორმა დათა თავაძემ განაცხადა, რომ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ ხმოვანი შეტყობინება გამოგზავნა, რომლის ფრაგმენტიც წაიკითხეს. ის რუხაძეს მიმართავდა.

"რა დღეში ჩაგიგდია თავი, სავარაუდოდ, ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება, რამეს რომ არ გახსენებთ, ისევ ჩვენი ისტორიიდან? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება, იმიტომ რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია. ისე, წესით, ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ, გახსენებთ - გელათი გენგრევათ, ხუთი წელია ვერ გადახურეთ და მხოლოდ თქვენი ბრალია რაც გელათს სჭირს, სვეტიცხოველში ტაშტების შეყუდების მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ, რისთვის იცლით? უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ? ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის".

საპროტესტო აქციის დასასრულს რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა განაცხადა, რომ გადაწყვიტეს, შექმნან თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა, "რომელიც თავის წიაღში შექმნის ახალ ტექსტებს, შექმნის ახალ სპექტაკლებს, ახალ დისკუსიებს, ახალ ნარატივებს და მაყურებელს გამოიყვანს გარეთ ზუსტად ისე, როგორც ქართული თეატრი გამოაგდეთ ქუჩაში - ახლა, ის ქუჩაში გამოიყვანს საკუთარ მაყურებელს".

16 აპრილს გახდა ცნობილი, რომ დათო დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, საფუძვლით, რომ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“. სწორედ ამ პერიოდში თეატრმა წარადგინა საპროტესტო მანიფესტი და ამ სპექტალკით წარსდგა რეგიონებშიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები